ძალადობა ბავშვზე და მისი შედეგები

Medical House მარ 26,2019

ოჯახსა და მშობლებს აკისრიათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. თუმცა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ხდებიან მშობლების, მასწავლებლების, თანატოლების ან სხვა პირების ძალადობის მსხვერპლნი.

ბავშვებზე ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას.

ბავშვებზე ძალადობა კანონით იკრძალება. ის სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული:

  • ფიზიკური ძალადობა

ეს არის ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის დაზიანებებს. გარდა ამისა, ახლობელი ადამიანებისაგან ძალით მოფერება, რომელიც ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება და მას ფიზიკურ და ემოციურ ზიანს აყენებს, ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

  • ემოციური ძალადობა

ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვის ქმედებების კონტროლს, სიტყვიერი ზემოქმედების საშუალებით, რაც ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას და თრგუნავს მას. გარდა ამისა, ემოციური ძალადობა შეიძლება მოიცავდეს დამამცირებელი სახელის დაძახებას, მუქარას, ისეთი რამის დაბრალებას, რომელიც ბავშვს არ ჩაუდენია, დაშინება და სხვა.

  • სექსუალური ძალადობა

ეს არის ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს: სექსუალური ურთიერთობა, სექსუალური ხასიათის საუბარი და ბავშვებისთვის პორნოგრაფიული სურათების ან ფილმების ჩვენება.

  • უგულებელყოფა

ბავშვის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ჰიგიენური პირობების დაცვა, სამედიცინო დახმარება, განათლება და სოციალური ურთიერთობები. ამ ფაქტორების არარსებობა, რაც მშობლების ან მეურვის მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება, წარმოადგენს ბავშვის უგულვებელყოფას, რაც ძალადობასთანაა გათანაბრებული.

ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი - საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესაც. ძალადობა განცდილ ბავშვებს დარღვეული აქვთ:

  • კავშირი თავიანთ მშობლებთან
  • არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი
  • ვერ ახერხებენ საკუთარი სტატუსის დამკვიდრებას სკოლასა და საზოგადოებაში
  • ზრდასრულ ასაკში, ოჯახის შექმნისას შესაძლოა სერიოზულმა სირთულეებმა იჩინოს თავი.

ბედნიერი და სრულფასოვანი ადაიანის აღსაზრდელად, აუცილებელია ბავშვებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. იგი გულისხმობს იმ მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც კარგად მუშაობს ნებისმიერ ბავშვთან. პოზიტიური აღზრდა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ბავშვებზე ზემოქმედების ყველაზე მართებული საშუალება არის წახალისება. ეს შეიძლება იყოს შექება, მოწონება, ნდობის გამოხატვა და სხვა. აუცილებელია ასაკის შესაბამისად თქვენი სიყვარული ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც გამოხატოთ (ხელში აყვანა, ჩახუტება, მოფერება, ალერსიანად მიმართვა).

დაგვიკავშირდით, ჩვენი კლინიკის ბავშვთა ფსიქოლოგები და პედიატრები მზად არიან თქვენს დასახმარებლად.